ოპოზიცია პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას აპროტესტებს

2019-06-20 12:29:28

სასესიო დარბაზის სპიკერატი ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ დაკავებული, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა შეუერთდა.

ოპოზიცია პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებაში რუსი დეპუტატების, განსაკუთრებით კი ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მონაწილეობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ის რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, არის სირცხვილი.

პარლამენტში ასევე პროტესტის გამოსახატავად იმყოფებიან სამოქალაქო პირები, რომლებიც ასევე გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნასთან დაკავშირებით.

„ოკუპანტი, ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ხმა მისცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ის დღეს საქართველოს პარლამენტში ვერ იქნება,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადებით, ისინი რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია, დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობას არ მისცემენ.

„ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, დღეს თბილისში მოძალადეები და პროპუტინური ძალები დადიან, რომლებიც მოქალაქეებზე ძალადობენ. არც ეს გვაკმარეს და დღეს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვეს კომუნისტი, რომელსაც თავი მოაქვს მართლმადიდებელთა მფარველად. ეს არის დიდი სირცხვილი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ოკუპანტი, ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ხმა მისცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ის დღეს საქართველოს პარლამენტში ვერ იქნება და ის დელეგაცია, რომლის ქვეყანასაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ვერ დარჩება აქ. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციას ვთავაზობთ, რომ შეუძლიათ გააგრძელონ დღის წესრიგი, ოღონდ რუსები ვერ დარჩებიან აქ,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ცნობისთვის, 19 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართება, რომელსაც სხვებთან ერთად, რუსი დეპუტატებიც ესწრებიან.