მარნეულში არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა

2019-06-12 15:53:03

მარნეულში ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ გადაჭრილ გორაზე, ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  მიმდინარე წლის არქეოლოგიური სამუშაოები დაასრულა.

აღნიშნულ ძეგლებზე სამუშაოები თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამუშაოების დასრულების პროცესს, ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა პროფესორმა მინდია ჯალაბაძემ, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ არქეოლოგთან სტივ  ბატიუკთან ერთად შეხვედრის დამსწრეებს წლევანდელი სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.   ადგილზე განხილული იქნა მუზეუმის კონცეფციის საკითხები და  ამ მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯები. 

აღსანიშნავია, „გადაჭრილი გორის“ დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, 2019 წლის ადგილობრივ  ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები, რათა ადგილზე სამუზეუმო სივრცის მოწყობის მიზნით,  ეტაპობრივად ჩატარდეს  შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 

პირველ ეტაპზე დაგეგმილია ცენტრალური გზიდან ძეგლამდე ქვაფენილის მოწყობა  და ძეგლის შესაბამისი სტანდარტებით გადახურვა, რისთვისაც დაახლოებით  1,200, 000 ლარია გათვალისწინებული.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.