სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

2019-06-11 14:44:43

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ადვოკატი ზვიად კუპრავას 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. კუპრავას თავდებში, რამდენიმე დეპუტატი - რომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი თავდებში დაუდგნენ, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 

ზვიად კუპრავა 24 თებერვალს დააკავეს, მიზეზად კი ის დასახელდა, რომ სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს, რის გამოც აღნიშნული ქმედებისთვის მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) წარედგინა ბრალი. კუპრავას დაკავების სანქცია სასამართლომ 21 თებერვალს გასცა, როდესაც მას აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეუცვალა.