მერია VS "ინტერტრანსი"

2019-06-15 10:13:11

"ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ კონდიციონერები იყოს უზრუნველყოფილი და კომპანია ამაზე უნდა წავიდეს", - აცხადებს ტრანსპორტის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი ბესიკ ტოგონიძე.

რა პირობებს წაუყენებს ადგილობრივი თვითმმართველობა კომპანია "ინტერტრნსს", იმ შემთხვევაში თუ რუსთავიდან თბილისში 1 ადამიანის გადაყვანის ღირებულება 1.80 ლარი გახდება, ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" ბესიკ ტოგონიძე საუბრობს. მისი თქმით, ფასის გადახედვის პარალელურად უნდა გადაიხედოს ხელშეკრულებაც, რომელიც მუნიციპალიტეტს სატრანსპორტო კომპანიასთან აქვს დადებული და მგზავრობის ღირებულების გაზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს იმ მომსახურების ხარისხიც, რომელსაც "ინტერტრანსი" რუსთაველებს სთავაზობს.

"აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამის საკონკურსო პირობაში ცვლილების შეტანა. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ კონდიციონერები იყოს უზრუნველყოფილი და კომპანია ამაზე უნდა წავიდეს. ამავდროულად საჭიროა დაემატოს 50 მიკროავტობუსი, დაცული იყოს სანიტარული ნორმები, ყველა მიკროავტობუსზე მოეწყოს უკონტაქტო გადახდის სისტემა და ტრანსპორტი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული. ამასთან, საჭიროა ყველა ლოტზე მიკროავტობუსების ძირითადი რაოდენობის გარდა სარეზერვო რაოდენობის მობილიზება მოხდეს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილება", - აცხადებს ბესიკ ტოგონიძე.

შეგახსენებთ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 5 თვიანი მუშაობის შემდეგ დაადგინა, რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსით სარგებლობის ღირებულება 1.80 ლარია. გაიზრდება თუ არა ფასი სამხარაულის ექსპერტიზის რეკომენდაციის შესაბამისად, ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკითხზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და რუსთავის საკრებულო იმსჯელებს.