ხმაური ტრანსპორტის კომისიის სხდომაზე [video]

2019-06-06 22:06:01

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ 5 თვიანი მუშაობის შემდეგ დაადგინა, რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსით სარგებლობის ღირებულება 1.80 ლარია. [ვიდეო/video]

ტრანსპორტის შემსწავლელი დროებითი კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე ექსპერტიზის დასკვნა განიხილეს და რუსთავის მერისთვის, ირაკლი ტაბაღუასთვის ტარიფთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაგზავნის შესახებ იმსჯელეს. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, შესაძლოა, მგზავრობის ღირებულება მალე 30 თეთრით გაძვირდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რუსთაველებისთვის მხოლოდ მას შემდეგ იქნება ცნობილი, რაც საკითზე მერი და შემდგომში რუსთავის საკრებულო იმსჯელებს.

ტრანსპორტის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა დაძაბულობისა და ხმაურის ფონზე წარიმართა. ფასის შესაძლო ცვლილებას აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები და აღნიშნავენ, რომ გადასახადის გაძვირება, მით უმეტეს იმ სერვისის პირობებში, რასაც კომპანია "ინტერტრანსი" მგზავრებს სთავაზობს, მათთვის და იმ რუსთაველებისთვის, რომლებსაც წარმოადგენენ, მიუღებელია. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ მგზავრებს მოუწევთ მომატებული გადასახადის გადახდა, სატრანსპორტო კომპანიამ, მინიმუმ, მათ ფასის შესაბამისი მომსახურება უნდა შესთავაზოს.

განსხვავებულია "ინტერტრანსის" პოზიცია მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომატებული თანხა "ინტერტრანსის" მოგებაში არ აისახება, ამიტომაც წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან სერვისის გაუმჯობესებას რუსთაველები არ უნდა ელოდნონ.

გაიზრდება თუ არა მგზავრობის ღირებულება და რა პოზიციას დაიჭერს მერია, ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, უნდა ველოდოთ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან ფასის გაზრდის შემთხვევაში კომპანიის მიმართ კატეგორიული მოთხოვნების წაყენებას.

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულების ცვლილება არ შეეხება რამდნიმე ხაზს, ესენია: სამგორის, ლილოს, ისთ ფოინთის, გლდანისა და მაღლივის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები.

ფასის გაზრდის შემთხვევაში ცვლილება შეეხება დიდუბის (თოდრიასა და რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიიდან გამავალ მიკროავტობუსებს), სადგურის მოედნის (ძველი ბაზრიდან და მე-12 მიკრორაიონიდან გამავალ მიკროავტობუსებს), ვარკეთილისა და სპორტის სასახლის ხაზებს.