"აბა შენი ცოლის ძმას ხო არ დავნიშნავდი?" [video]

2019-06-05 17:42:06

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. პროკურატურამ კი აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. [video/ვიდეო]

საქმე ეხება „ტვ 25“ -ის ეთერში გასულ მასალას, რომლის მიხედვითაც ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე ადასტურებს, რომ ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში ნათესავები დაასაქმა. ტელეარხის ინფორმაციით, ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში, სავარაუდოდ, 15-მდე პირი ფიქტიურად არის დასაქმებული, რომლებიც ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ.

სულიკო ბლადაძემ ტელეკომპანია „ტვ 25“-ს განუცხადა, რომ მისი ძმა და ცოლის ძმა დაასაქმა, რადგან სამსახურში თავისუფალი ადგილები იყო.

რაში ხედავ ნეპოტიზმს, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენი ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი? ვერ გავიგე ახლა მე. დავნიშნე დიახ, მოვედი, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე, რა არის ამაში ცუდი“, – განაცხადა „ტვ 25“-ის ეთერში სულიკო ბლადაძემ.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე სანდასუფთავების სამსახურში ფიქტიურად დასაქმებული პირებს უარყოფს და აცხადებს, რომ გასული წლის აუდიტის დასკვნაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ჟურნალისტებთან არაკორექტული საუბრის გამო გათავისუფლდა.