სკოლებში ფინანსური განათლების სწავლება დაიწყება

2019-06-10 15:36:48

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის ინფორმაციით, 2019-20 სასწავლო წლისთვის სკოლებში ფინანსური განათლების სწავლება დაიწყება. როგორც აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სტანდარტის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული ეროვნული ბანკიც.

გარდა ამისა, ირინა აბულაძის ინფორმაციით, მე-7 კლასში მოსწავლეები ახალ საგანს - „მოქალაქეობას“ ისწავლიან.

„მოგეხსენებათ, რომ წელს უკვე ხორციელდება განახლებული სტანდარტით დაწყებითი საფეხურის სწავლება. ეს შეეხება პირველ-მეექვსე კლასებს. აქ გაძლიერებულია სამოქალაქო განათლების კომპონენტი და შევიდა ახალი საგანი „მე და საზოგადოება“. ეს კურსი გრძელდება საბაზო საფეხურზეც და მე-7, მე-8, მე-9 კლასებშიც სამოქალაქო განათლების გაძლიერება იქნება ახალი სტანდარტით გათვალისწინებული და შესაბამისად, შემუშავდება ახალი სახელმძღვანელოები. ამ ეტაპზე მე-7 კლასთან მიმართებაში ვიმყოფებით გრიფირების ეტაპზე. რომელიც ივნისის ბოლოსთვის დასრულდება და მე-7 კლასში განახლებული სახელმძღვანელოები შევა ყველა საგანში ახალი სტანდარტით. სტანდარტს სამოქალაქო განათლების მიმართულებით დაემატა კომპონენტები და მე-7 კლასში იქნება სრულიად ახალი საგანი „მოქალაქეობა“, რომელიც დაწყებით საფეხურზე დაწყებული საქმის გაგრძელებაა.

რაც შეეხება ფინანსურ კომპონენტს, როგორც აბულაძემ აღნიშნა, აქ საუბარია ანალიტიკური უნარების განვითარებაზე იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა გაცნობიერებულად, ადრეული ასაკიდან დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება.

„ფინანსური განათლების კომპონენტები, ჩვენი აზრით, უნდა დაიწყოს საკმაოდ ადრეული ასაკიდან. თუ ვსაუბრობთ გოგონებზე, რომლებიც უფრო დამოუკიდებლები გვინდა იყვნენ ცხოვრებაში, მაგალითად, ისწავლონ როგორ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი, როგორ მართონ ის - ფინანსური კომპონენტი სწორედ ამ განათლებას გულისხმობს. უკვე არაერთი წელია ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან და მათთან ერთად შემუშავდა დამხმარე რესურსები და სტანარტის შემუშავებაში ისინი ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ისე დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება, რომ მათ არ აიღონ ისეთი ვალდებულებები, რომლებსაც ფინანსურად ვერ შეასრულებენ მომავალში. აქ საუბარია ანალიტიკური უნარების განვითარებაზე იმისთვის, რომ მათ გაცნობიერებულად, ადრეული ასაკიდან დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება, რაც ცხადია, ზედა კლასებში კიდევ უფრო ვითარდება“ , - განაცხადა აბულაძემ.

ამასთან, აბულაძის ინფორმაციით, ასევე, მე-7 კლასში სასწავლო გეგმის სტანდარტი გაჯერებულია ბევრი ისეთი საკითხით, რომელზეც უწყება ფიქრობს, რომ მოსწავლეებს ინფორმაცია ადრეული ასაკიდან უნდა მიაწოდოს.

„მაგალითად, სასწავლო პროგრამაში შესულია ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული თემები, რეპროდუქციულ განათლებასთან და ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული თემები ბიოლოგიის სახელმძღვანელოში. მანამ, სანამ მოსწავლე მივა თინეიჯერობის ასაკამდე მან უნდა იცოდეს რა პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში, რათა გააცნობიეროს ის ცვლილებები, რაც მის თავს მოხდება და ხდება მის ირგვლივ თავის თანატოლებში. ასე რომ, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საბაზო საფეხურზე ნამდვილად მსუყეა ბევრი ისეთი თემით, რომელიც შესაძლოა არ უკავშირდებოდეს მხოლოდ კონკრეტულ დისციპლინას, არამედ მთლიანი პიროვნების განვითარების შესაძლებლობას იძლეოდეს. სახელმძღვანელოების გრიფირება სულ მალე დასრულდება. პროცესში ჩართულია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ამ სახელმძღვანელოებს აფასებს. ასევე, წელს პირველად მივეცით მშობლებს შესაძლებლობა, რომ ჩართულიყვნენ პროცესში. დიდი იმედი მაქვს, ამ გამჭვირვალე პროცესით გვექნება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები წელს მე-7 კლასში და კითხვები ნაკლები დარჩება პროცესის მენეჯმენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა აბულაძემ.