მამუკა ბახტაძე საპენსიო ფონდზე

2019-05-31 14:04:23

„მსოფლიოში არც ერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და აქსიომებზე დავას ახლა აზრი არ აქვს,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს და ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ყველა წარმატებულმა ქვეყანამ გაიარა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ რეფორმის დასაწყებად ოპონენტებს გამბედაობა რომ ჰქონოდათ, დღევანდელი პენსიის ოდენობა ორჯერ მეტი იქნებოდა.

„ჩვენ გვსურს შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მსოფლიოში არც ერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და ეკონომიკური კანონზომიერება. ასე რომ, აქსიომებზე დავას ახლა აზრი არ აქვს. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია და ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის უზრუნველვყოთ ღირსეული პენსია მომავალში“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს საპენსიო სისტემაში ჩაერთვება, ყველა ფაქტორის, მათ შორის ინფლაციის გათვალისწინებით, პენსიაზე გასვლისას დღევანდელი მსყიდველუნარიანობით 2 300 ლარს მიიღებს.