ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა

2019-05-28 17:47:21

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი.

2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, იმ მიზეზით, რომ მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის დროს სააკაშვილმა სახელმწიფო ორგანოებს წარსულში ნასამართლეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 2018 წლის თებერვალში უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, საიდანაც მან 2017 წლის შემოდგომაზე უკრაინაში უკანონოდ შეაღწია. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი ანუ მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ხოლო უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმეს, მეუღლის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ცხოვრების და მუშაობის უფლების დამადასტურებელი ცნობა მისცა.