ველოსიპედით გადაადგილების აკრძალვა რუსთავის პარკში

2021-02-19 21:28:48

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მთავარ საფეხმავლო ბილიკზე ველოსიპედით გადაადგილება აიკრძალა. 

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაციის დამფუძნებელმა, გოგა ჯმუხაძემ განუცხადა აკრძალვა დროებითია.

"ცენტრალურ ბილიკზე, სადაც დიდი რაოდენობით ხალხი მოძრაობს და ველოსიპედების გაკონტროლება შეუძლებელია რომ მაღალი სიჩქარით არ იარონ, იქ დროებით აიკრძალა გადაადგილება.

კონტაქტი მქონდა რუსთავის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან და მივიღე დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში პროექტზე ტენდერი გამოცხადდება, რომლის შემდეგაც პარკში დამოუკიდებელი ველობილიკი გაკეთდება. ამ ეტაპზე ველომოყვარულებს გადაადგილება შეუძლიათ ტბის გარშემო, არხის პირზე ასფალტისა და მოხრეშილი ბილიკის მიდამოებში",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გოგა ჯმუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარკში ქვეითად მოსიარულე 68 წლის ქალს ველოსიპედი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ქალმა ლავიწის ძვალი მოიტეხა.