"დავით კირკიტაძის დაკავება ბევრი მიზეზის გამო არასწორია" - ამის შესახებ "გირჩის" პოლიტიკურმა ლიდერმა განაცხადა. ზურა ჯაფარიძემ "ინფო რუსთავთან" 16 დეკემბერს კახეთში განვითარებული მოვლენები შეაფასა.
"რაც შეეხება კირკიტაძის დაკავებას, ჩემი აზრით, ეს არასწორია, ბევრი მიზეზის გამო. გასაგებია, რომ პოლიციელისთვის წიხლების რტყმა არ მოსულა, მაგრამ მნიშვნელოვანია კონტექსტი გავითვალისწინოთ. კონტექსტი კი აქ ისაა, რომ პოლიციას იქ გზა არ უნდა დაეკეტა და ეს ხალხი თელავში უნდა შეეშვა, იქ კი ქონდა სრული უფლება არ მიეშვა ისინი ინაუგურაციამდე. მეორე მხრივ, კონტექსტი არის ის, რომ წინასწარ დაკავებას იყენებენ კონკრეტული მიზნებისთვის, თუ ეს ადამიანი გაქცევას აპირებს, გავლენას ახდენს მოწმეებზე ან შეიძლება მტკიცებულებების გაყალბებას ცდილობდეს.ჩემი აზრით, სამივე არარელევანტურია კირკიტაძის შემთხვევაში. თუ მაინცდამაინც გაქცევაზე ჰქონდათ შიში, შეიძლებოდა პასპორტი ჩამოერთვა სასამართლოს და ისე გამოეშვათ. ამიტომ მგონია, რომ დაკავება ცალსახად არასწორია. ზოგადად, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, ამაზე არამაქვს ცალსახა პასუხი. მე არ ვამბობ რომელი მხარეა მართალი და ეს შეუძლებელიცაა, წესით ამას უნდა არკვევდეს ნორმალური სასამართლო, რომელიც ამ ქვეყანაში არა გვაქვს. ორივე მხარე ერთმანეთს რაზეც აგინებს და რაზეც ლანძღავეს, ორივე მხარე არის მართალი. ორივე მხარეს აქვს თავისი სიმართლე და პრინციპში ეს პოლარიზაცია და დაძაბულობა ორივე მხარეს აწყობს. მგონია, რომ ერთიც და მეორეც შეეცდებიან ეს ესე წაიღონ 2020 წლამდე" - აცხადენბს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ "გირჩის" პოლიტიკური ლიდერი გუშინ რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდა და მათთან აქტუალურ თემებზე ისაუბრა.