კრიზისისა და ინფლაციის გამო ბევრი ქართველი ემიგრანტი იძულებულია, თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდეს.
თურქეთში სამუშაოდ წასულ ქართველებს ახალი თავშესაფრის ძებნა უწევთ. ბოლო თვებია, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო ისინი სამშობლოში დარჩენილი ოჯახების დახმარებას ძველებურად ვერ ახერხებენ.
ქართველები, რომლებიც თურქეთში, სასტუმროებში სხვადასხვა პოზიციებზე არიან დასაქმებულები აცხადებენ, რომ დამსაქმებლებმა ხელფასები შეუმცირეს, მიზეზად კი თურქული ლირის დოლართან მიმართებაში გაუფასურება დაასახელეს.
"ბევრი ქართველი დაბრუნდა საქართველოში იმის გამო, რომ ხელფასები საგრძნობლად შეუმცირდათ, მაგალითად ვისაც ჰქონდა 500 დოლარი ხელფასი ახლა 350 დოლარს უხდიან, ასე უთხრა ხელმძღვანელობამ თუ არ გაწყობთ წადითო, ზოგი წავიდა, მე და კიდევ რამდენიმე ქართველი დავრჩით, საქართველოში რომ წავიდეთ ესეც არ გვექნება და რა ვქნათ სულ ისე ყოფნას ჯობია ისევ აქ ვიმუშაოთ, დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ვეგუებით ამ ყველაფერს"- განაცხადა ინფო რუსთავთან ერთ-ერთმა ქართველმა.
"ძალიან ცუდი ვითარებაა. ბევრი ქართველი იძულებულია, წავიდეს. მე 2 კვირაში ვასრულებ მუშაობას და საქართველოში დავბრუნდები. ბევრი კი იძულებულია, რომ აქ დარჩეს და მძიმე პირობებში გააგრძელოს მუშაობა"- განაცხადა კახა ზურაბაშვილმა ინფო რუსთავთან.