2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლების ნაწილში, მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიას ისწავლიან.
თანამედროვე გმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ისტორია ახალი საგნის "თავდაცვა და უსაფრთხოება" სახელმძღვანელოში შედის. ცნობილია, რომ პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე იქნება.
ამავე სახელწოდების სახელმძღვანელო "თავდაცვა და უსაფრთხოება" განათლების და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, სახელმძღვანელოზე მუშაობა უკვე დასრულებულია და დასაბეჭდად მზადდება.
წიგნში 2008 წლის აგვისტოს ომი ცალკე თემადაა შეტანილი. ამასთან, დეტალურადაა მოთხრობილი საქართველოს თანამედროვე ეროვნული გმირების, მათ შორის აგვისტოს ომის გმირის შესახებ.
საგანი "თავდაცვა და უსაფრთხოება" მეათე კლასელებისთვის იქნება განკუთვნილი.
ამ ეტაპზე, სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომი მე-9 კლასში, საქართველოს ისტორიის საგნის ფარგლებში ისწავლება. ომის გმირების შესახებ კი, მასში საუბარი არ არის.
2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში მე-7-დან მე-12 კლასების ჩათვლით შინაარსობრივად განახლებული წიგნები უნდა შევიდეს, რომლებიც განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით იქნება შედგენილი.