რა შემთხვევაში მოუწევთ მერებს თანამდებობის დატოვება

2018-07-27 11:53:06

ბოლო პერიოდში აქტუალური თემაა საკადრო ცვლილებები.

სამთავრობო ცვლილებების შემდეგ პრემიერმა რეგიონის რამდენიმე  გუბერნატორი გაათავისუფლა თანამდებობიდან, მათ შორის იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გრიგოლ ნემსაძე.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ  საკადრო ცვლილებები მთავრობის ქვედა რგოლებშიც დაიწყება. აქტუალური გახდა პირდაპირი წესით არჩეული მერების გადადგომის საკითხიც.

ინფო რუსთავი დაინტერესდა, რა შემთხვევაშია შესაძლებელი 4 წლის ვადით არჩეული მერების გადადგომა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად არჩეული მერის მოხსნა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია შესაძლებელი: კოდექსის თანახმად, პირდაპირ წესით არჩეული მერს შესაძლებელია გამოუცხადდეს უნდობლობა და გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან. კოდექსის 51 მუხლის თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ არჩეული მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება ეძლევა საკრებულოს, რის განსახორციელებლადაც საკმარისი იქნება საკრებულოს წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი შეიძლება დაყენებულ იქნეს ამომრჩეველთა 20 პროცენტის მოთხოვნითაც.

მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ასევე შესაძლებელია დადგეს იმ შემთხვევაში თუ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება, მოხდება ბრალდების წარდგენა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში კი უფლებამოსილების შეწყვეტა.