ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა

2018-07-24 15:20:05

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლად შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა. სხდომზე ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, მიკროავტობუსებზე, „ჭკვიან“ შუქნიშნებსა და პარკირების საათობრივი გადახდის სისტემაზე ისაუბრეს.

ტაქსისტებს 1 ოქტომბრიდან სპეციალური ნებართვის აღება მოუწევთ. ნებართვის არქონის შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება. ნებართვის საფასური, ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისთვის იქნება 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50, ხოლო ელექტრომობილებისთვის - უფასო. "ამ მოსაკრებლის გარდა, რაიმე სხვა გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელებს არ მოუწევთ. ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, რომ ნებართვა სალონში გამოაკრას. ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომობილის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულად მოხდება საფასურის გადახდა. ამ პროცედურის გავლის შემდეგ მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა გამგეობებს მიმართონ და გამგეობებშიც იქნება შესაძლებელი ნებართვების მიღება", - განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 2019 წლიდან რეგულირება შეეხება მარჯვენასაჭიან, ორკარიან და განსხვავებული ფერის ტაქსებს. მერიის ცნობით, აღნიშნული რეგულაციების მიზანია, მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება.

სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა განაცხადა, რომ 2019-2021 წლებში დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდება. იგეგმება ავტობუსების განახლებაც: „გარწმუნებთ, რომ 2019 წელს, ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები გვეყოლება და ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული გავხადოთ და ყველამ უარი ვთქვათ კერძო ავტომობილებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სხდომაზე ასევე განაცხადეს, რომ სატრანსპორტო ნაკადი „ჭკვიანი“ შუქნიშნების მიერ გაკონტროლდება.“ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით მონაცემების შეგროვებას, სატრანსპორტო ნაკადების უკეთეს გადანაწილებასა და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას გულისხმობს.

თბილისის მერიის სატრასნპორტო პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, რამდენიმე ცენტრალურ უბანში პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის ამოქმედება იგეგმება.

მერიის ცნობით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებაა.