ქურდობის მცდელობა მსხვერპლით დასრულდა

2018-07-23 16:39:46

პროკურატურამ ფოთში მომხდარ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს. „2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დაკავებულია ბრალდებულის სახით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გარდაცვლილს ფოთის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე PayBox-ის გატეხვის დროს, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლეს. შსს-ში აცხადებენ, რომ: "პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც დასაკავებელი პირი დაიჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით მიმდინარეობს."