რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას

2018-07-17 11:49:20

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვასილ ბასილაძე ხორცის შეძენასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს. „მოგეხსენებათ, ხორცი მიეკუთვნება მაღალი რისკის მქონე და მალფუჭებად სურსათს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ხორცის რეალიზაციისას და შეძენისას ხორცი მოთავსებული იყოს სამაცივრე განყოფილებაში. იდეალურ პირობებში ხორცის შენახვის საუკეთესო ტემპერატურაა +6 გრადუსი. აქვე შეგახსენებთ, რომ ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ეტიკეტირებას, რადგან ეტიკეტზე მოთავსებულია ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს მომხმარებელმა: წარმოშობა, სასაკლაოს აღიარების ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ცხოველის საყურე ნიშანი, მიმწოდებლის პირადი ნომერი, წონა, გამოშვების თარიღი და შენახვის ვადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ხორცის შენახვის ვადა არის 48 საათი. ასევე, მინდა, მივმართო მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ გატარებული ხორცით. შეგახსენებთ, რომ გატარებული ხორცის შენახვის ვადაა გატარებიდან 6 საათი. ხორცის შეძენისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ მასზე არ უნდა იყოს ე.წ ფუფხი, არ უნდა იყოს მუქი შეფერილობის და არ უნდა ჰქონდეს ლორწოვანი გარსი. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის გაუთვალისწინებლობა იწვევს საჯარიმო სანქციებს.“ - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.