ექსპერტიზის პირველადი დასკვნა

2018-07-14 11:18:34

სექსუალური ძალადობის კვალი - სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა რამდენიმე მედია საშუალებამ გაასაჯაროვა.

სადაც აღნიშნულია, რომ მსხვერპლს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნება.

ხადას ხეობაში ამერიკის ორი მოქალაქის მკვლელობა 20 წლის მწყემსმა თავად აღწერა. ასევე გავრცელდა ის ჩვენება, რომელიც მალხაზ კობაურმა დაკავების ღამეს პოლიციის განყოფილებაში მისცა. ის თავად ყვება, როგორ დაიწყო კონფლიქტი.

მწყემსის მტკიცებით, ჩანჩქერზე ამერიკის მოქალაქეებთან ერთად ასულს რაინ სმიტმა შენიშვნა მისცა, რამაც ის გააღიზიანა.

ბრალდებული მწყემსის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ამის შემდეგ მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან რაინ სმიტს ორჯერ ესროლა. სმიტი კლდის ფერდობზე დაეცა და ადგილზევე გარდაიცვალა. 

მამის მკვლელობის შემდეგ 4 წლის კაელებ სმიტმა ტირილი დაიწყო, ლორა სმიტი კი გაიქცა. მწყემსის თქმით, ამ დროს მეორე სათადარიგო ტყვია ამოიღო, თოფი გადატენა და ბავშვს ორი მეტრის დისტანციიდან ესროლა, შემდეგ კი ბიჭის ცხედარი იქვე გადამალა.

სხვა მწყემსების მონათხრობიდან კი ირკვევა, რომ მთაში დასასვენებლად წასულ ოჯახს მალხაზ კობაური უთვალთვალებდა. გარდაცვლილ ლორა სმიტს კი კობაურმა ფოტოები გადაუღო და სხვა მწყემსებს უჩვენა.

მალხაზ კობაურის ტელეფონში ლორა სმიტის ფოტოების არსებობას უარყოფს მისი ინტერესების დამცველი.

დავით გირგვლიანი ამტკიცებს, რომ სმიტების ოჯახი კობაურის არ მოუკლავს, 4 წლის კეილებ სმიტს და მის მამას შავი ჯიპით მოსულმა ორმა უცნობმა მამაკაცმა ესროლა. მანქანა და ორი უცხო მამაკაცი, რომელზეც ბრალდებულის ოჯახი საუბრობს, სოფელ წკრეში არ უნახავთ. სმიტების ოჯახის სამივე წევრის ცხედარი ამ დრომდე პროზექტურაში ექსპერტიზაზე რჩება.