ქართველი სტუდენტი კალიფორნიის შტატში, მსოფლიოს მაღალტექნოლოგიური ცენტრის "სილიკონ ველის" შუაგულში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობს და ამავე დროს პალო ალტოში, "Facebook-ის სახლში" ცხოვრობს.
შალვა დაუშვილი მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პოპულარულ უნივერსიტეტში ბიზნესის მიმართულებით, MBA პროგრამაზე, დაახლოებით ორი წლის წინ, 26 წლის ასაკში მოხვდა.
წარმატებულმა სტუდენტმა რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდეგ სწავლა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში განაგრძო, რომლიდანაც 2 წლის განმავლობაში ატლანტაში (აშშ), Georgia State University-ში ფინანსებსა და საბანკო რისკებს ეუფლებოდა.
ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ საქართველოს ბანკში დასაქმდა, სადაც 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. მუშაობის პარალელურად, მან CFA ჩარტერიც მოიპოვა.
2016 წელს კი სტენფორდის უნივერსიტეტში მოხვდა. ამჟამად ის თანაკურსელთან ერთად ქალაქ პალო ალტოში იმ სახლში ცხოვრობს, რომელშიც Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი, 2004 წელს მეგობრებთან ერთად გადავიდა და თავისი სტარტაპი სწორედ იქ განავითარა.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი სახლითა და მასში მცხოვრები სტენფორდის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებით, ცოტახნის წინ ცნობილი გამოცემა Businessinsider-იც დაინტერესდა.
28 წლის შალვა დაუშვილმა მსოფლიოს ტექნოლოგიურ ცენტრში ცხოვრების პერიოდში უკვე მოახერხა მცირე ხნით Wall Street-ზე ამერიკის ბანკში სტაჟირების გავლა. ამჟამად ის სტენფორდში MBA პროგრამის ბოლო კურსზეა და სწავლას წელს, ივნისში ამთავრებს.
ავტორი: ირმა კურტანიძე