რუსთავი-აეროპორტის გზაზე მაგისტრალი მოეწყობა

2026-03-26 14:30:47

რუსთავი-აეროპორტის გზაზე მაგისტრალი მოეწყობა, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი/წიწამური — რუსთავი) ნაწილი იქნება.

შემოვლითი გზის მშენებლობა 4 ლოტად არის დაყოფილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უკვე გამოცხადებული აქვს მე-2 და მე-3 ლოტების სამშენებლო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერები.

მე-2 ლოტი მოიცავს 6.5-კილომეტრიან მონაკვეთს წიწამურიდან ავჭალამდე, რომლის ფარგლებშიც ორი პარალელური 3.5-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება. ტენდერი 450 017 333 ლარზეა გამოცხადებული და შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

მესამე ლოტი წარმოადგენს გზას ავჭალიდან აეროპორტამდე და მისი სიგრძე 22.5 კილომეტრს შეადგენს. გამოცხადებულია 932 032 564 ლარის ღირებულების ტენდერი და წინადადებების მიწღება 15 აპრილს იწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შემოვლითი გზის მე-4(აეროპორტი-ლოჭინის) და მე-5(ლოჭინი-რუსთავი) ლოტებზე კი სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი.

"საქართველო გეგმავს აზიის განვითარების ბანკისაგან მიიღოს დაფინანსება თბილისის შემოვლითი გზის (მე-4 და მე-5 ლოტი) პროექტის განხორციელებისათვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის ფარგლებში გადახდების განსახორციელებლად.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა

დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 90 თვე.

შერჩევა განხორციელდება კონსულტანტის ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების დირექტივების შესაბამისად, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე:

https://www.adb.org/sites/default/files/procurement-directive-adb-borrowers.pdf

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით, არაუგვიანეს 2026 წლის 21 აპრილისა: https://selfservice.adb.org/OA_HTML/OA.jsp?OAFunc=XXCRS_CSRN_PROFILE_PAGE&selNo=222676",- ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.