თებერვლის თვესი ქვემო ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოვლინდა

2026-03-05 14:09:49

თებერვლის თვესი ქვემო ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოვლინდა.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გასულ თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოვლინდა.

"გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 142  ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. 

სამართალდარღვევებიდან 18 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და  მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

2026 წლის თებერვალში დალუქულია 9 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ჯამში ამოღებულია 180 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ყველაზე მეტი - 59 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 42, სამცხე-ჯავახეთში - 24, შიდა ქართლში - 14, აჭარაშიც - 14, ქვემო ქართლში - 10, იმერეთში - 9, გურიაშიც - 9, მცხეთა-მთიანეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა, გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. შედეგად, მიმდინარე წლის  პირველ 2 თვეში, ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტითსარგებლობის 308 ფაქტია გამოვლენილი. 
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება",- ნათქვამია განცხადებაში.