"დაკარგული ცხენების" ისტორია [photo]

2018-02-24 20:55:34

რუსთავის შემოსასვლელში, ცხენების ცნობილი სკულპტურა ქალაქის ერთ -ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ინახება. ერთ დროს რუსთავის სიმბოლოდ ქცეული ქანდაკება, დაახლოებით ათი წელია ქალაქისგან მოშორებით დააბინავეს. ქუთაისის მოედნიდან ცხენების ქანდაკების დემონტაჟის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სკულპტურა გმირთა მემორიალის ადგილზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა პროექტი არ განხორციელდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქანდაკების ქალაქში დაბრუნდების საკითხზე, საუბარი რუსთავის ყოფილი მერის, დავით ჯიქიას მმართველობის პერიოდშიც იყო,თუმცა ცხენების სკულპტურა ისევ საწარმოო ტერიტორიაზე ინახება. პირველადი დათვალიერებით ქანდაკება დაზიანებული არ არის.

შეგახსენებთ ,რომ სკულპტურის ავტორები- მოქანდაკე ძმები ჯუმბერ და თამაზ ჯიქიები არიან. რუსთავის შესასვლელში დადგმული  სკულპტურული კომპოზიცია ყოფილი მერის - მერაბ ტყეშელაშვილის იდეია იყო. კომპოზიციის შექმნის სურვილი სწორედ მას ეკუთვნოდა, თუმცა პირველადი ესკიზის მიხედვით, ირკვევა, რომ სვეტებზე სამი ფრთოსანი რაში უნდა დადგმულიყო, რომელთა თავზეც თაღი იქნებოდა აღმართული. საბოლოოდ კი წრეზე მხოლოდ ორი ცხენი დაიდგა. თავის დროზე ცხენების მონტჟს და შემდეგ უკვე დემონტაჟს, რუსთაველების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

 

თქვენი აზრით უნდა დაბრუნდნენ თუ არა ცხენები და თუ ფიქრობთ რომ კი, მაშინ რომელ ქუჩაზე?