რუსთავში სად გეგმავენ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას

2026-01-05 13:54:42

რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მე-18 და მე-19 მონაკვეთის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე იგეგმება.

აღნიშნული ტერიტორია რუსთავის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არის და რომ არ მოხდეს ამ მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანა მე-8 მოწვევის საკრებულოს მე-4 სხდომაზე მათი ნუსხიდან და გეგმიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღეს.

მიწის ნაკვეთების ნუსხიდან და გეგმიდან მოღების საკითხი წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატებს რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გია ანთაურმა წარუდგინა, რის შემდეგაც კენჭი უყარეს.

"განკარგულების პროექტი ეხება მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ქალაქის შემოსასვლელში, რუსთავი-თბილისის ტრასის მე-18 და მე-19 მონაკვეთზე. მიწის ნაკვეთების ნუსხიდან და გეგმიდან ამოღება გვინდა, რადგან მთავრობამ მოგვმართა მუნიციპალიტეტს. კონკრეტული ადგილი არ არის მითითებული, თუმცა დაახლოებით იმ ტერიტორიაზე იგეგმება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა. მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ტერიტორიები ამოიღოს ნუსხიდან და გეგმიდან. შესაბამისად წარმოდგენილი გვაქვს N382 და N383 განკარგულებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ განკარგულების პროექტი",- განაცხადა საკრებულოზე რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურის მოადგილემ გია ანთაურმა.

შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებული ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის ასეულობით მილიონი ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, 2026–2032 წლებში განხორციელდება.