"რუსთავის მაცხოვრებლები ამ პროექტისგან ძალიან დიდ ბენეფიტებს მიიღებენ"

2025-11-23 13:29:23

"ვერ ვხედავ ვერანაირ უარყოფით ხმარეს, ვხედავ მხოლოდ პოზიტიურს. არის ორი დიდი მიწის აუთვისებელი ფართი. ხშირს შემთხვევაში მოუვლელი, დაჭაობებული. შემოდის უცხოური კოპმანია, რომელიც კეთილმოაწყობს ამ ტერიტორიებს, ააშენებს სარეკრეაციო ფართებს, ბინებს, ფართებს. დაგვეხმარება, რომ მივიღოთ უფრო მეტი ტურისტი",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ კრწანისის ტყე-პარკში დაგეგმილ Eagle Hills-ის ინვესტიციაზე განაცხადა.

ქობულიას თქმით, ტყე-პარკში ახალი ქალაქის აშენება, რომელიც მაღალი შესაძლებლობების მქონე პირებზე იქნება გათვლილი, ხელს შეუწყობს, როგორც მის მახლობლად, ფონიჭალაში, ასევე რუსთავში მცხოვრებლების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მისი თქმით, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში, არამედ მისი დასრულების შემდეგაც, რადგან ქალაქში საცხოვრებელ ფართებთან ერთად გათვლილია მოლების, სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების აშენება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობას ექნება დასაქმების შესაძლებლობა.

ქობულიამ გვითხრა, რომ რისკს, რასაც Eagle Hills-ის პროექტში ხედავს, მშენებლობების დროში გაწელვაა, თუ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლი არ იქნება.

"რუსთავის მაცხოვრებლები ამ პროექტისგან ძალიან დიდ ბენეფიტებს მიიღებენ. რისკები შეიძლება იყოს ისეთი, რომ ასეთ მშენებლობაში თუ მკაფიოდ არ არის ყველაფერი გაწერილი და მკაცრად არ კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან, შეიძლება ძალიან გაიწელოს.

აქ არ უნდა მოხდეს ისეთი რამე, რომ მშენებლობა გაიწელოს 10 წლის მაგივრად 30 წელი და სულ მშენებლობაში იყოს ის ადგილი.

სახელმწიფო შევიდა მიწით და ისეთ ქვეყნებში, როგორც საქართველოა, ზოგადი პრაქტიკაა, რომ მიწას უფასოდ აძლევენ და იმ კერძო კომპანიამ, პირიქით 30%-ში შემოუშვა სახელმწიფო. მე რომ იმ კომპანიის მენეჯერი ვყოფილიყავი, საკითხს დავაყენებდი, რომ მიწა უფასოდ მოეცათ. ამ დროს სახელმწიფო 30%-ში შევიდა წილში და მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ.

ნებისმიერ ქვეყანაში არის მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელიც ყველაფერს აკრიტიკებს, ამაში გასაკვირი არაფერი არაა. რაც არ უნდა გაკეთდეს ყველაფერს გააკრიტიკებენ. ჩვენთან პოლიტიკურ სპექტრში განსაკუთრებით განვითარებულია პოლიტიკური მოწინააღმდეგის კრიტიკა ყველაფერზე. ეს დღევანდელ ოპოზიციას კი არ ეხება, წინა მთავრობის დროსაც რამე კარგი რომ კეთდებოდა, მაშინდელი ოპოზიცია აკრიტიკებდა. როდესაც ახალი გზა გაკეთდა ვერის ხეობაში,ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომ ბუნებას გააფუჭებსო, გაკეთდა ეს გზა და რომ არ ყოფილიყო, საერთოდ ვერ გავივლიდით ქალაქში. ამ მთავრობასაც მოეთხოვება პასუხი რაღაცებზე. წინა მთავრობამ გააკეთა შესანიშნავი პროექტი, თბილისის შემოვლითი გზის, რადგანაც მთავრობამ წააგო არჩევნები, ეს პროექტი შუაში გაიჭედა. ეს მთავრობა იმ პროექტს არ ამთავრებს, გამოაცხადა, რომ ცუდია. ცუდია იმიტომ, რომ წინა მთავრობამ გააკეთა. ძაან კაი პროექტია. ეს პოლიტიკური დაპირისპირება გადადის ისეთ რაღაცებში, რომ ჩვენ მოსახლეობას ზიანს გვაყენებს",- გვითხრა გიორგი ქობულიამ. 

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და Eagle Hills-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გონიოსა და კრწანისის ტყე-პარკში 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

ამავე დღეს კინოთეატრ რუსთაველის ისტორიულ შენობაში გაიხსნა კომპანიის გაყიდვების ოფისიც.

ინვესტიციის ფარგლებში ფონიჭალასა და სოფელ აღთაკლიას მიმდებარედ არაბულმა კომპანიამ 590 ჰექტარ მიწაზე ახალი ქალაქი უნდა ააშენოს. 

კომპანიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ "თბილისის სანაპიროს" პროექტი მოიცავს, როგორც საცხოვრებელი ბინების, ასევე სასტუმროების, რესტორნების, ბარების, გასართობის სივრცეებისა და მოლების მშენებლობას.