5 მაისს კონკურს-ფესტივალი "ქართული" დასრულდა. გამოვლინდა გრანპრის მფლობელი და 10 ნომინაციაში გამარჯვებული ანსამბლები.
10 დღის განმავლობაში რუსთავის ცენტრალურმა პარკმა ქვეყნის მასშტაბით 26 ანსამბლსა და 3000 მოცეკვავეს უმასპინძლა.
რა თანხა დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფესტივალის ორგანიზებისთვის?
"ქართულის" ორგანიზებისთვის "კულტურული პროექტების მართვის ცენტრს" ორი ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.
1. დაგეგმილი კონკურს-ფესტივალი „ქართული"-ს ღონისძიების ორგანიზების შესყიდვა - 181 000 ლარად. ტენდერში შეთავაზება ექვსმა კომპანიამ გააკეთა, თუმცა ღონისძიების ორგანიზება ყველაზე დაბალ თანხად მუნიციპალიტეტს, 139 830 ლარად, "შპს ფანდეი ივენთსმა" შესთავაზა.სწორედ აღნიშნული კომპანია გახდა ტენდერში გამარჯვებული.
2. მეორე ტენდერი კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ ღონისძიების ფარგლებში ღონისძიებისთვის საჭირო სცენის კონსტრუქციების, სცენის გადახურვის, განათება-გახმოვანების მომსახურების შესყიდვაზე იყო, თანხა 216 450 ლარი. ტენდერში შეთავაზება მხოლოდ ერთმა კომპანიამ, "შპს ჯითი ჰოლდინგმა" გააკეთა და სწორედ მათ გაიმარჯვეს კიდეც. კომპანიამ ღონისძიებისთვის საჭირო სცენის კონსტრუქციების, სცენის გადახურვის, განათება-გახმოვანების მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 203 505 ლარი მიიღო.