რომელი ქვეყნის ტურისტი ხარჯავს ყველაზე მეტს საქართველოში

2024-11-03 14:18:57

2024 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკამ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წლიურად 6%-ით არის გაზრდილი.

ამავე პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 5,043,663 ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 4.5%-ით არის მომატებული. ტურიზმის შემოსავლის ვიზიტების სტატისტიკაზე გაყოფით შესაძლებელია მიახლოებული თანხის მიღება, რასაც საქართველოში ერთ ვიზიტზე ხარჯავენ, 2024 წლის 9 თვეში ეს დანახარჯი 686 დოლარს შეადგენდა.

რაოდენობრივად საქართველოში წელს ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის ფედერაციიდან აღირიცხა, რამაც 1.11 მილიონი შეადგინა, რუსეთის ფედერაციის ვიზიტორთა მთლიანი დანახარჯი კი 675 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად, ერთი რუსი ვიზიტორის საშუალო დანახარჯები 607 დოლარს შეადგენდა. ეს თანხა ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების ვიზიტორების საშუალო ხარჯები ერთ ვიზიტზე საქართველოში, რაც 2024 წლის 9 თვეში საშუალოდ 1,311 დოლარს შეადგენდა. EU-ს მოქალაქეებზე მაღალი დანახარჯები აქვთ ისრაელისა და საუდის არაბეთის ვიზიტორებს.

რა თანხას ხარჯავს ერთი ვიზიტორი საქართველოში - ქვეყნების მიხედვით, 2024 წლის 9 თვის მდგომარეობით:

ისრაელი - სულ $322 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 229,739, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $1,404

საუდის არაბეთი    - სულ $108 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 77,567, დანახარჯი ერთ ვიზიტზე  - $1,394

ევროკავშირი - სულ $456.5 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 348,329, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $1,311

უკრაინა -  სულ $111.5 მილიონი დოლარი;    ვიზიტების რიცხვი 89,398, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $1,247

ირანი - სულ $126 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 120,840, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $1,042

აზერბაიჯანი - სულ $127 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი163,207, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $779

ბელარუსი - სულ $78 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 118,192, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $660

რუსეთი - სულ $675 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 1,111,004, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $607

თურქეთი - სულ $478 მილიონი დოლარი;    ვიზიტების რიცხვი 1,060,285, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $451

სომხეთი - სულ $122 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი, 732,271, დანახარჯი ერთ ვიზიტზე $167

სხვა ქვეყნები - სულ $857 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 992,831, დანახარჯი ერთ ვიზიტზე $863.