"იანვრიდან ვიგრძნობთ უმძიმეს შედეგებს ლართან მიმართებით"

2024-11-01 14:31:28

"იანვრიდან ჩვენ ვიგრძნობთ უმძიმეს შედეგებს ლართან მიმართებით", - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო "პალიტრასა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" ისაუბრა.

კერძოდ, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკის მცდელობებს შედეგი არ მოჰყვა და ლარი ვერ დაიჭირა, უმძიმეს შედეგს მივიღებთ, რაც უპირველესად მოსახლეობაზე აისახება.

"მიუხედავად მოლოდინისა, რომ არჩევნების შემდეგ არცერთი ხმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო, საპირისპიროდ მოხდა ყველაფერი. ჩვენი ტიპის ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები ოკუპირებულია და უამრავი გამოწვევა არსებობს, რომლებიც ჩვენ უნდა გადალახოთ, ვერც ამერიკა და ვერც ევროკავშირი განსაკუთრებულს ვერაფერს გააკეთებს", - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

მისი თქმით, პოლიტიკას და ეკონომიკას არცერთ ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ცალ-ცალკე აღარ ყოფენ. როგორც ჭუმბურიძე აცხადებს, ქვეყანა ეკონომიკურ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს თუ პოლიტიკური სტაბილურობა არ აქვს.

"ზოგადად, ეკონომიკას ქმნის ორი ძირითადი კომპონენტი: წიაღისეული - ნავთობი, გაზი და ა.შ. რომელიც ქვეყანაში მოიპოვება და მეორე - წარმოება. სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკას არცერთი ეს კომპონენტი არ აქვს და მეტიც, ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, არ გვაქვს არც მსუბუქი მრეწველობა, არც მძიმე მრეწველობა. ერთი რუსთავის ფოლადით და აზოტით ქვეყნის მომავალს ვერ განსაზღვრავ. რადგან მსგავსი საწარმოები თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს, ეკონომიკურ სტაბილურობას ვერანაირად შეინარჩუნებს ქვეყანა თუ არ აქვს პოლიტიკური სტაბილურობა. ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა.

როცა არ არის პოლიტიკური სტაბილურობა, ის ავტომატურად აისახება ეკონომიკურ სტაბილურობაზე, რომელიც ჩვენთან არის ძალიან მყიფე. განსაკუთრებით კი ბიზნესზე, რომლის კულტურაც ჩვენ არ გვქონია და ის ახლა იდგამს ფეხს საქართველოში. სწორედ ბიზნესია ქვეყნის ეკონომიკის დასაყრდენი,“ - აღნიშნა ჭუმბურიძემ.

როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, ამ ვითარების ნეგატიური ეფექტი ორ კვირაში და ორ თვეში არ იქნება, მაგრამ იანვრიდან ლართან მიმართებით უმძიმეს შედეგებს აუცილებლად ვიგრძნობთ.

"იანვრიდან ჩვენ ვიგრძნობთ უმძიმეს შედეგებს ლართან მიმართებით. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ეროვნული ბანკის ამ მცდელობებს შედეგი არ მოჰყვა, ლარი ვერ დაიჭირა და პირობითად 1 აშშ დოლარის ღირებულება გახდა 5 ლარი, რას ვაკეთებთ ამ დროს?! მზად არის ქვეყანა ამ ყველაფრისთვის?!

მოსახლეობის 70%-ს აქვს საბანკო ვალდებულება, რომელსაც აუცილებლად შეეხება ეს შედეგები. 1-2 თვის განმავლობაში ეს შედეგები მოკლავს მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი დარჩება უმუშევარი და რაც მთავარია, დავრწმუნდებით, რომ ამ ვითარებაში შეუძლებელია რუსეთთან რაიმე სახის ეკონომიკური კავშირი გვქონდეს", - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.