წყლის გამათბობლების რეალიზაციის წესი იცვლება

2024-10-30 15:01:34

წყლის გამაცხელებლების რეალიზაციის წესიც იცვლება. საუბარია, ენერგოეტიკეტირებაზე, რომელიც მყიდველისთვის თვალსაჩინო ადგილას, გასაგებ, ამასთან, ქართულ ან ინგლისურ ენებზე უნდა იყოს განთავსებული.

შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა და სხვა რეგულაციებთან ერთად, 2025 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ წყლის გამაცხელებლების, წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის, წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების რეალიზაციის დროს, ზედ განთავსებული უნდა იყოს პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შემცველი ეტიკეტი (შესაბამისი ცხრილით).

ამასთან, ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I. მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი;

II. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;

III. წყლის გათბობის ფუნქცია, განსაზღვრული დატვირთვის პროფილის ჩათვლით, რომელიც გამოხატულია შესაბამისი ასოთი;

IV. წყლის გათბობის ენერგოეფექტურობის კლასი;

V. წლიური ელექტროენერგიის მოხმარება კვტსთ-ში საბოლოო ენერგიის თვალსაზრისით ან/და წლიური საწვავის მოხმარება გიგაჯოულში, GCV–ს თვალსაზრისით, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე, რომელიც გამოითვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის VII დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

VI. ხმის სიმძლავრის დონე LWA, შენობაში, დეციბელში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

და ა.შ. იხილეთ დანართი სრულად:

ცნობისთვის, აღნიშნულ დადგენილებამდე, მაცივრების, სარეცხის მანქანების და სხვა მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ რეგულაციები ეტაპობრივად გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

უფრო კონკრეტულად, ენერგოეტიკეტირების რეგულაცია ეხება: სარეცხის მანქანებს, საშრობ-სარეცხის მანქანას, მაცივარს, სავენტილაციო ერთეულს (იგივე გამწოვი), სინათლის წყაროს (ნათურა), მყარი საწვავის ბოილერს (ცენტრალური გათბობის ქვაბი), დამატებით გამათბობელს და ა.შ.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, რეალიზატორებს ზედამხედველობის სააგენტო შეამოწმებს.