ეუთოს კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა არჩევნებისას გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. ეს არის ზოგადი სურათი. ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები აქტიურად აკვირდებოდნენ პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინდელი დღის განმავლობაში. წელს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გადამწყვეტი მნიშვნელობის დროს იმართება. ქვეყნის ევროპული გზა და ასევე, მისი მომავალი გაწევრიანების პროცესი, ნამდვილად ხდება განხილვების საგანი პრეტენდენტების მხრიდან. ხაზგასმულია ბევრი ადამიანის მიერ, თუ რამდენად საჭიროა რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება. ფინანსური რესურსების მხრივ დისბალანსი და ასევე განხეთქილების შემომტანი ატმოსფერო კამპანიის განხორციელებისას, საკანონმდებლო ბოლოდროინდელი ცვლილებები უმნიშვნელოვანესი იყო ამ საარჩევნო პროცესში.
კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების მონაწილეობა დიდი იყო, ასევე პარტიის დამკვირვებლებიც აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები, მრავალფეროვნება იყო გამოხატული. ეს არის იმის ნიშანი, რომ ეს სისტემა იზრდება და ვითარდება. დემოკრატია ნამდვილად არის განვითარების პროცესში. განსაკუთრებით მინდა, რომ შევაქო მამაკაცები, მაგრამ უმეტესწილად ქალები ამ ქვეყანაში, რომლებიც არჩევნების ადმინისტრაციაში მონაწილეობდნენ.
მედიაგარემო ზუსტად ასახავდა პოლარიზებას. მედიასაშუალებების ინსტრუმენტებად გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით, რასაც თან ახლდა პარტიის პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობა. პოლიტიკური აქტორები და პარტიები უარს ამბობდნენ დებატებში, ეს ზრდიდა დაძაბულობას და ეს ზეგავლენას ახდენდა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, რომ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღოთ. კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული პროცედურულად, მოწესრიგებულად, მაგრამ ასევე მას თან ახლდა დაძაბული გარემო და დაშინების ბევრი შემთხვევა. გუშინ პირველად მოხდა, რომ ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენეს საარჩევნო უბნების უმეტესობაში და საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელა იმისთვის, რომ ამომრჩევლებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.
მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი მაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში. გულთბილი მადლობა ქართველ ხალხს“,- განაცხადა პასკალ ალიზარდმა.
PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ არჩევნების დროს გამოკვეთილი ნაკლოვანებები მისი შედეგების დამაჯერებლობას და სამართლიანობას ძირს უთხრის.
„ერთი თვის წინ წინასაარჩევნო დელეგაციას ვხელმძღვანელობდი. ჩვენ იმ დროს დასკვნა გამოვიტანეთ, რომ პოლიტიკურმა სივრცემ უპრეცედენტო დონეებს მიაღწია, რადგან ეს ფაქტობრივად დე-ფაქტო რეფერენდუმი გახლდათ საქართველოს ტრაექტორიის და საგარეო გზის მიმართ. სწორედ ეს იყო ძირითადი საკითხები, რასაც ჩვენი მისიის განმავლობაში ყურადღებას ვაქცევდით. ყურადღებას გავამახვილებ იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ და მინდა ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.
არჩევნების ხარისხი იმ ტენდენციას ასახავდა, რაც ჩვენ წინასაარჩევნო გარემოშიც და პერიოდშიც შევამჩნიეთ. ამაში შედიოდა შეკითხვები სახელმწიფო ინსტიტუციების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაშფოთებდა სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოების და განსხვავებული შეხედულებების მიმართ, რაც ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება, რამაც ასევე განხეთქილება შემოიტანა. დაკვირვების დროს, კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, ჩვენ შევამჩნიეთ შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ხმის დუბლირება, განსაკუთრებით, სოფლად. ჩვენი გამოცდილებით დავაკვირდით ორ სამყაროს - ანუ ორი სამყარო არსებობდა, ერთი საარჩევნო უბანზე იყო, სადაც შიგნით, ხმის მიცემის პროცესი კარგად ადმინისტრირებული იყო, ხოლო მეორე სამყარო, ეს იყო გარეთ, საარჩევნო უბნების გარეთ. საარჩევნო უბნების წინ მმართველი პარტიის კამერების არსებობა და ასევე ამომრჩევლების აღრიცხვა ზეწოლის კლიმატს ქმნიდა და ასევე, პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება. შეგრძნება იყო ასეთი, რომ “დიდი ძმა” გვიყურებს. ასევე, არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები იყო პროცესის დროს, შესაბამისად, ეს ძირს უთხრის, მისი შედეგების დამაჯერებლობას და მის სამართლიანობას. ასევე უნდა აღინიშნოს, როცა ჩვენ სოფლებში უბანზე არჩევნებს ვაკვირდებოდით, ერთ-ერთი დამკვირვებლის მანქანას ვანდალურად თავს დაესხნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ეს დაკავშირებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან. მადლობა მინდა ჩვენს დელეგაციას გადავუხადო, 31 წევრი იყო ჩვენი მისიიდან, 21 სხვადასხვა წევრი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენი დამკვირვებლები, ჩვენთან ასევე იყვნენ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც. უფრო ვრცელ ანგარიშს და რეკომენდაციებს წარმოვადგენ, ეს გაკეთდება სტრასბურგში ჩვენს შემდეგ პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა იულიან ბულაიმ.