საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შეთანხმება ძალაში შევიდა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
შეთანხმების თანახმად, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ირლანდიასთან და საბერძნეთის რესპუბლიკასთან.
საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში, ხოლო ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია",- ნათქვამია განცხადებაში.