“ეკო ცენტრმა” რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის კამპანია დაიწყო - მაკულატურა ნერგებზე გაიცვლება.
კამპანია მიზნად ისახავს ჭალის ტყის აღდგენას მოქალაქეების აქტიური ჩართულობით. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას შეუძლია მაკულატურა გაცვალოს ხის ნერგებზე, რომლებიც შემდგომ დაირგვება რუსთავის ჭალის ტყეში.
პროექტის დეტალები:
• აქცია გაგრძელდება 20 ოქტომბრის ჩათვლით
• მაკულატურის მიღება ხდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 15:00-დან 19:30 საათამდე (შესაძლებელია ეტაპობრივადაც მოიტანოთ)
• მისამართი: რუსთავი, კოსტავას ქუჩა #4
• ყოველი 20 კგ მაკულატურის სანაცვლოდ, ჭალის ტყეში დაირგვება 1 ნერგი მაკულატურის ჩამბარებლის სახელზე
“ეკო ცენტრი” განსაკუთრებით მოუწოდებს სკოლებს ჩაერთონ კამპანიაში. 21 ოქტომბერს გამოქვეყნდება ყველა მონაწილის სია და მათი წვლილის შესაბამისი ნერგების რაოდენობა.
პროექტის ინიციატორები ვარაუდობენ, რომ ათობით ხე დაირგვება. დარგვის პროცესისთვის საჭირო იქნება მოხალისეების დახმარება, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია შემოდგომაზე გახდება ცნობილი.
რუსთავის ჭალის ტყე მდებარეობს ქალაქის ტერიტორიაზე, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის. მისი ფართობი 300 ჰექტარს შეადგენს. 90-იან წლებში ენერგეტიკული კრიზისის დროს ტყეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ნაწილობრივ აღდგა. შემუშავებულია ჭალის ტყის აღდგენის სტრატეგიაც და აღდგენის/ხეების დარგვის პროცესი უკვე დაწყებულია.
“ეკო ცენტრი” თხოვს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში და წვლილი შეიტანონ უნიკალური ეკოსისტემის აღდგენაში.
პროექტს მხარს უჭერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.