გუშინ, 19 სექტემბერს რუსთავში "ქართული ოცნების" რეგიონული ღონისძიება გაიმართა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.
"2012 წელს, ერთ დროს წელგამართულ, მშრომელი ხალხით დასახლებულ რუსთავში უმუშევრობა, სიღატაკე და უკიდურესი გაჭირვება სუფევდა. მაშინ რუსთაველებს დაგპირდით, რომ დაგიბრუნებდით ღირსებას, მაქსიმალურად ავითვისებდით ამ ქალაქის ინდუსტრიულ პოტენციალს და ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ სრული დატვირთვით ამუშავებულიყო რუსთავში მდებარე ქარხნები და საწარმოები. მოხარული ვარ, რომ ეს პირობაც შევასრულეთ და ამ მიმართულებით მომავალშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდება", - აღნიშნა ივანიშვილმა რუსთავთან დაკავშირებით.