"მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად"

2024-09-20 11:46:01

თბილისის მერიის ცნობით, წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება. უწყება ამბობს, რომ ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენების დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, 20 სექტემბრის 20:00 საათიდან წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად.

კერძოდ, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდიდან ვაკის სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება უჩანეიშვილის ქუჩის გამოყენებით.