ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო 86 200 ლარით დააჯარიმა

2024-09-11 13:34:01

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+“ 86 200 ლარით დააჯარიმა.

ამის შესახებ სებ-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მარეგულირებლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რამდენიმე დარღვევის გამო დაჯარიმდა, კერძოდ:

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 1 შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. მას არ გააჩნია მისოს პოლიტიკის მიხედვით რისკის ავტომატურად მინიჭების სრულყოფილი სისტემა, დაკავშირებული, უჩვეულო გარიგებებისა და საეჭვო გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა, ასევე არ ახდენს პირების (კონტრაჰენტების) გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 20 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ ანგარიშგების დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის 2 შემთხვევა (ხუთ სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის), რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ - 200 ლარი.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის 2 შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ - 10 000 ლარი;

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 17 ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 17 შემთხვევისათვის - სულ 34 000 ლარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის 1 კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული. რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შემოწმების დაწყების თარიღისათვის 1 კლიენტთან მიმართებით რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე არის განხორციელებული. რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 14 შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ -14 000 ლარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტსერვისი+" ფინანსურ მომსახურებას 1999 წლიდან ეწევა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის გენერალური დირექტორი გურამ კანდელაკია, ხოლო ფინანსური დირექტორი აკაკი აროშიძე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი არიან: ნაზიკო კანდელაკი, ქეთევან ხიზანიშვილი და თამარ კანდელაკი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განთავსებული კაპიტალი 10.5 მილიონ ლარს შეადგენს.