საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის აგვისტოს თვეში, რვა მოვაჭრეს, ჯამში - 7 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება - "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კერძოდ, GCCA-ის მიერ წარმოებული მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, შპს "ვანმოლს" - 2060,05 ლარი, შპს "სანლაინს" – 600 ლარი, მოვაჭრე თინათინ ტაბატაძეს - 600 ლარი, ი/მ იზაბელა ბედოიძეს - 600 ლარი, შპს "სამის" - 600 ლარი, ფ/პ სალომე ხადურს - 600 ლარი, ი/მ ტატიანა კუხიანიძეს - 600 ლარი და მოვაჭრე ეკატერინე კვარაცხელიას - 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება იწყებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს - 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 22 312 ლარი.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.