ქალი, რომელიც შენობიდან გადმოვარდა, რუსთაველია

2024-08-29 23:32:44

თბილისში იუსტიციის სამინისტროს შენობიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალი რუსთაველია.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 28 წლის ქალი უწყებაში ფინანსურ სამსახურში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომაც.

“იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.

იუსტიციის სამინისტრო,  საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.