არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

2024-08-20 12:50:50

4–16 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ყაზბეგი“, მებაჟე-ოფიცრების მიერ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 671,15 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 78 606,76 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 4 სამართალდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 27 818,6 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო, 3 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.