რუსთაველი ბიჭის მკვლელობის საქმე

2024-08-16 14:17:44

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ველისციხეში, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს და აცხადებს, რომ მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში 2023 წლის 18 იანვარს მოხდა. ორმა პირმა 25 წლის გიორგი მირზაშვილს ბლაგვი საგნით ჭრილობები მიაყენა და მისი ცხედარი ჭაში დამარხა. ცხედარი რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს:

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭაში დამარხეს და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იპოვეს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე ორი პირი დააკავეს - გიორგი სულხანიშვილი და უშანგი ბერძენიშვილი. მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ქურდობას ედავებოდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის თებერვალში ჯერ  სულხანიშვილი ცნო დამნაშავედ და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ამჟამად კი უშანგი ბერძენიშვილი და მასაც იგივე სასჯელი შეუფარდა.