ვინ იქნება "ქართული ოცნების" დელეგატი არჩევნებზე რუსთავში

2024-08-15 17:05:27

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რუსთავისა და გარდაბნის 10 თემში "ქართული ოცნების" დელეგატი მოქმედი დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი იქნება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"ყველა დელეგატი პროპორციულ სიაში წარმოდგენილი იქნება გამსვლელ ადგილზე, შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში, უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან", - განაცხადა კობახიძემ.

შემდეგი მოწვევის საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები აღარ იქნებიან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველი მხოლოდ მისთვის სასურველ პარტიას აირჩევს, პარტიას კი, უფლება აქვს, საარჩევნო სიაში კონკრეტული სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითოს კონკრეტული ოლქის დელეგატობის კანდიდატი.