რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს.
თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატად სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა რეხვიაშვილი იყო დასახელებული. რეხვიაშვილის არჩევას მხარი 18 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 3-მა თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყეს და თანამდებობიდან ნოდარ შეროზია გადააყენეს.
შეროზიასთან ერთად თანამდებობიდან გადააყენეს მისი ორი მოადგილე, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინათთინ ლოცულაშვილი და "რუსთავი - საქართველოსთვის" დეპუტატი ზაზა ჯაიანი.
რაც შეეხება პირველ მოადგილეს, ალექსანდრე ბერიძეს, მის გადასაყენებლად საკმარისი ხმები ვერ მოგროვდა და ის დაკავებულ თანამდებობაზე დარჩა.
ალექსანდრე ბერიძე დროებით საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.