6 დეკემბრის შემდგომ ლუკა ლომთაძის სახელი თითქმის მთელმა საქართველომ იცის. ქართველი სტუდენტი, რომელიც 250 000 აპლიკანტს შორის 300 საუკეთესოში მოხვდა, სტაჟირებას facebook-ის სათაო ოფისში გაივლის.
ლუკა ლომთაძე წარმოშობით ქუთაისიდანაა. დაამთავრა ამავე ქალაქის ფიზიკა-მატემატიკური სკოლა და სწავლა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში განაგრძო. ამჟამად კი მესამე კურს მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში გადის. პროგრამირება მეხუთე კლასიდან დაიწყო. ამ მომენტიდან მოყოლებული სამყაროს უდიდეს ტექნიკურ კომპანიებში მონაწილეობა მის ერთერთ მთავარ მიზნად იქცა. ლუკა "ინფო რუსთავი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება:
"გამუდმებით ვცდილობდი შესაფერისი დონის დეველოპერი გავმხდარიყავი. ბოლო 6 წლის მანძილზე 8 ტექნიკური სტარტაპი წამოვიწყე, რომელთაგანაც 2 ახლაც აქტიურად მუშაობს, უნივერსიტეტში პირველი სემესტრიდან დაწყებული ვიმუშავე 10 სხვადასხვა წამყვან კომპანიაში და სახელმწიფო სტრუქტურაში. საბოლოო ჯამში ყველა პოპულარულ პროგრამულ ენაზე შევქმენი პროგრამული სისტემა სხვადასხვა პროგრამირებადი პლატფორმისთვის."
საქართველოში ყოფნისას ლუკა სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობას დასთან ერთად იღებდა. ერთ-ერთი ჰაკატონი იყო, რომელიც მათი გამარჯვებით დასრულდა. მარიამიც ლუკას მსგავსად პროგრამისტია.
"ჩემი და ჩემზე 4 წლით უმცროსია, თუმცა 4 ჯერ მაგარი. ისიც პროგრამისტია. ჩემი სტარტაპები მას დავუტოვე და ახლა თვითონ ხელმძღვანელობს სკოლის მერე. მარიამი მომავლის იმედს მაძლევს, რომ მე რაც ვერ გავაკეთე თვითონ შეძლებს."
ინფო რუსთავთან საუბრისას ლუკა იხსენებს, რომ ყოველთვის იცოდა ადრე თუ გვიან თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევდა, მსოფლიოს უდიდეს კომპანიაში დაიწყებდა მუშაობას და ეს დღეც დადგა.
"კალიფორნიაში ჩამოსვლისას ფეისბუკის რეკრუიტერები შემეხმიანენ, მითხრეს, რომ დაინტერესებული იყვნენ ჩემით და მიმიწვიეს ტექნიკურ ინტერვიუზე. დიდი ალბათობით სწორედ ორი ტექნიკური ინტერვიუს შედეგმა გამოჰყო ჩემი აპლიკაცია სხვა აპლიკანტებისგან, რადგან ყველა მოცემული ტექნიკური დავალება გამოყოფილ დროზე მნიშვნელოვნად ადრე დავასრულე. ვგეგმავ მაქსიმალურად გამოვიყენო ახალი სამუშაო გარემო და შესაბამისად ახალი შესაძლებლობები, მივიღო მაღალი დონის გამოცდილება და ვიმუშაო facebook-ის ძალიან მაგარ პროექტებზე."
ლუკა საქართველოში დაბრუნებას და სწავლის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში აპირებს. კითხვაზე თუ როგორი შეგრძნება აქვს ამხელა წარმატების მიღწევის შემდგომ ასე გვპასუხობს - "მეამაყება რომ ქართველი ვარ, მეამაყება რომ ამდენი ადამიანი იზიარებს ჩემს სიხარულს. სტიმული მეძლევა, რომ უფრო მეტს მივაღწიო მომავალში.“