"თუ გამანაწილებელი კომპანიები მოქალაქეების მოთხოვნაზე დროულ რეაგირებას არ მოახდენენ, რაც დანადგარის შემოწმებას ითვალისწინებს, შეგიძლიათ მოგვმართოთ“,- ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განაცხადა.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ რა რეაგირება ექნება სემეკ-ს იმ შემთხვევაში, როცა კომპანიები დაზიანების შეტყობინებისთანავე არ მიდიან გამოძახებაზე.
"ზამთრის სეზონის დადგომის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წესების დაცვა, განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის ნაწილში. უსაფრთხოების წესების დაცვა, დანადგარების, შესაბამისი მოწყობილობების შემოწმება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება არის აუცილებელი. გაზგამანაწილებელი კომპანიები ახორციელებენ პერიოდულ მონიტორინგს.
თუ მოქალაქეს ასევე რაიმე ეჭვი ექნება, შეუძლია შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას დაურეკონ და ისინი ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე და გააკეთონ შესაბამისი რეაგირება. თუ ასე არ მოიქცევიან, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ ჩვენ, ან ენერგოომბუდსმენს, და ჩვენ გვექნება რეაგირება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითნებურად არ მოვახდინოთ დაერთება, ყოველთვის უნდა დავიცვათ წესები“, - თქვა ნარმანიამ.