სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ქუჩაში მამაკაცი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.
"გამოძახების ადგილი - ქუჩა, ლოზუნგი- უგონო.
გამოძახების ადგილზე მისულ 0929 ბრიგადას შუახნის მამაკაცი გულის გაჩერებით დახვდათ. ექიმი ინგა მანჯავიძის თქმით, პაციენტს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შემთხვევითი გამვლელი, ჩვენი ცენტრის პარამედიკოსი, ნანა ეფრემიძე, გულ-ფილტვის რეანიმაციას უტარებდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პაციენტის გადარჩენაში.
ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, მამაკაცის გულისცემა აღდგა და მან სუნთქვა დაიწყო. დაფიქსირდა მიოკარდიუმის ინფარქტი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტი ერთ-ერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცს საკმაოდ დატვირთული ანამნეზი - გულის იშემიური დაავადება და სტენტირება ჰქონდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.