როდის აინთება რუსთავის მთავარი ნაძვის ხე

2023-12-02 18:03:50

რუსთავის მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს.

ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ნაძვის ხე 10 დეკემბრის შემდეგ ჩაირთვება.

"გუშინ დავიწყეთ ცენტრალური ნაძვის ხის მონტაჟი, დასჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ისეთი ქუჩა გავანათოთ, სადაც აქამდე საახალწლო განათებების მოწყობის შესაძლებლობა არ გვქონდა მერიას. ამიტომ დრო იმაზე მეტი გვჭირდება, ვიდრე აქამდე გვქონდა გათვლილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 10 დეკმებრის შემდეგ მზად ვიქნებით. ზუსტ თარიღს დავაანონსებთ და შევიკრიბეთ მთავარ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხის ასანთებად", - განაცხადა ლაცაბიძემ.

ნაძვის ხის ანთების პარალელურად, გაიმართება კონცერტიც.

"შარშან, როდესაც ნაძვის ხე ავანთეთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული ოჯახებით, შვილებით და კონცერტი რომ არ გვქონდა, ჩვენც დანაკლისი ვიგრძენით ამასთან დაკავშირებით. მაგრამ იმ დროს არ იყო შესაბამისი ფინანსები და ნაძვის ხე უფრო პრიორიტეტულად მივიჩნიეთ. წელს გვაქვს ამის შესაძლებლობა და ნაძვის ხის ანთების პარალელურად გვექნება ძალიან საინტერესო და კარგი საახალწლო საღამო. ასევე 31 დეკმებერს გვინდა, რომ მთელი ქალაქი ერთად შევხვდეთ 2024 წელს", - აღნიშნა ლაცაბიძემ.

ლაცაბიძის ინფორმაციითვე, მთავარი ნაძვის ხე წელს განსხვავებული დიზაინით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, თითქმის უკვე 3 კვირაზე მეტია, ქალაქში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები