"მიიჩნია, რომ მეორედ გათხოვებით შეურაცხყოფა მიაყენა"

2023-12-01 17:34:21

პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქმე ეხება პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა. სამართალდამცველებმა ის 30 ნოემბერს დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ხ.-მ მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ნ.დ.-მ მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება.

აღნიშნულის გამო 28 ნოემბერს, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში,  ყოფილი მეუღლის ოჯახში მივიდა და ნ.დ.-ს და მის მეუღლეს ი.ჯ.-ს, ამ უკანასკნელის დედის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს," - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის "თ" , "კ" და  "ლ" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.