თბილისის მერიის განცხადებით, დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
მერია ამბობს, რომ ხიდის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.
"პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად განხორციელებულია, დარჩენილია მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება.
დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, ერთი დღის განმავლობაში, დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება", - წერია განცხადებაში.
ასევე, მერიის ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 28 ოქტომბრის 22:00-დან 29 ოქტომბრის 22:00 საათამდე.
"პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება სრულად, შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები შოთა რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
შეზღუდვის პერიოდში, შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩის მიმართულებით.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და გზას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გააგრძელებენ, ხოლო მერაბ კოსტავას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით", - აცხადებს მერია.
აღნიშნული ღონისძიების პერიოდში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც:
"ავტობუსი N308 ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას არ გაივლის რესპუბლიკის მოედანზე და მობრუნდება სამაიას ბაღთან, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას; ავტობუსი N359 ვაკის მიმართულებით მოძრაობისას, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N457 და N528 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები დადგენილი სქემით იმოძრავებენ", - აცხადებს მერია.