რუსთავში 2023 წლის იანვრიდან დღემდე უკანონო მშენებლობების გამო 78 მითითებაა გამოწერილი, საიდანაც 14 შემთხვევაში ჯარიმა დაიწერა.
დაჯარიმებულებს შორის არის კომპანია "რუსთავის წყალიც".
კომპანიას მუნიციპალურმა ინსპექციამ 4 მონაკვეთზე უნებართვო გადათხრების გამო ოთხი 6000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბაჩო ხაჩიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მითითების გაცემის შემდეგ თავდაპირველად პირს ეძლევა ვადა, რის შემდეგაც ან შესაბამისი სამშენებლო ნებართვა უნდა წარადგინოს, ან უნდა მოხდეს უკანონო მშენებლობის დემონტაჟი და პირვანდელი სახის აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია დამრღვევს დააჯარიმებს.
"უკანონო მშენებლობაზე 78 მითითება გვაქვს გაცემული. 14 პიროვნება არის დაჯარიმებული ამ ეტაპზე.
თავდაპირველად ჩვენ ვაძლევთ მითითებას, მშენებლობის სიმძიმიდან გამომდინარე, გარკვეული დრო მიეცემა გამოსწორებისთვის, ან მოხდეს დემონტაჟი ან წარმოადგინონ შესაბამისი ნებართვა, რათა არ მოხდეს დაჯარიმება. არ ვართ მოწოდებული, რომ ვაჯარიმოთ ხალხი.
4 ჯარიმა რუსთავის წყალს დავუწერეთ, მიმდინარე საქმეები კიდევ გვაქვს დარჩენილი, უნებართვოდ რაც არის გადათხრილი. დანარჩენი ყველა არის ფიზიკური პირი. თითო წერტილზე 6000 ლარით.
ძირითადად კორპუსები რაც შენდება, იერსახე და არქიტექტურული მხარე შეთანხმებულია არქიტექტურის სამსახურთან და ზუსტად იდენტურად მიდის, თუ რაიმე ცვლილება ხდება ისევ პროექტში აისახება და ჩვენ უბრალოდ ვამოწმებთ, რაოდენ შესაბამისად არის გაკეთებული.
ჯერ ისეთი ფაქტი არ გვქონია, რომ სადმე კატასტროფულად არის დარღვეული. 20 მიმდინარე საქმე გვაქვს.
მიმდინარეში არის აივნების უკანონო მიშენებაც. ჭყონდიდლის დასახლებაში აივანი ამოაშენა, ავტოფარეხიც გვაქვს ორი, პლუს ფანჯრების უნებართვოდ ამოშენება და ახალაშენებულ კორპუსებზე თვითნებურად განთავსებული აივნების შეფუთვა.
წელს ჯარიმების თანხის ოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. პირველი და მეორე კლასის მშენებლობებზე ჯარიმები 6000 ლარით განისაზღვრა, მესამე კლასზე 10 000-ით, ხოლო მეოთხე კლასის 15 000 და 25 000 ლარით",- განაცხადა ბაჩო ხაჩიძემ.
მისივე თქმით, სანებართვო პირობების დარღვევისთვის 10 სამშენებლო კომპანია და 8 ფიზიკური პირის საერთო ჯამში 86 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.
"ძირითადად სანებართვო პირობების დარღვევაა. დაახლოებით 86 000 ლარით არიან კომპანიები დაჯარიმებულები, სხვადასხვა მშენებლობები, როგორც მრავალბინიანი, ისე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები.
დაახლოებით 10 სამშენებლო კომპანია, 8 ფიზიკური პირი",- აცხადებს ბაჩო ხაჩიძემ.