მთავრობა უკანონოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს. ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია და მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებზე მიმდინარეობს.
ამნისტიის პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ამნისტია შეეხება პირს, ვინც მითვისებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს დაუბრუნებს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ღირებულებას გადაიხდის.
როგორ განისაზღვრება მიწის ფასი და რა პრობლემებს აწყდებიან ამ კუთხით ფერმერები საქართველოში, რადიო "პალიტრასა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა ისაუბრა.
"როგორც წესი, ფასთან დაკავშირებით ხშირად არის შენიშვნები. ფასს მხოლოდ ერთი უწყება ადგენს, რასაც არ ეთანხმებიან ფერმერები. ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა. დღესაც მიმდინარეა მთავრობის დადგენილების პროგრამა, სადაც იჯარით აღებული მიწების გამოსყიდვა შეუძლიათ ფერმერებს და ამ პროცესში ფერმერები წააწყდნენ ძალიან მაღალ ფასს, რის შემდეგაც, საჭირო გახდა პრემიერის კიდევ ერთი დადგენილება. რომლითაც სახელმწიფომ ფერმერებს მიწა 25%-იანი ფასდაკლებით შესთავაზა. ვშიშობთ, რომ ფასთან დაკავშირებული ფაქტორი შესაძლოა, რომ დღესაც დადგეს ამნისტიის შემთხვევაში", - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა „საქმეში".
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორის კიდევ ერთი პრობლემა მიწის კატეგორიზაციაა.
"მიწის სისტემური რეგისტრაცია, მისი გაცხადებული მიზნებით უნდა გავიდეს შედეგზე, როცა ყველა მიწას ეყოლება მესაკუთრე იმ დადგენილ საზღვრებში, რასაც საბოლოოდ სახელმწიფო დაადგენს. თუმცა, აქ დღის წერიგში დგება მეორე გამოწვევა სოფლის მეურნეობისთვის, ეს არის კატეგორიზაცია, რომელიც სამწუხაროდ, არ ხდება ასე მკაცრად და თავად მიწის მესაკუთრე ანიჭებს. პროცედურა ასეთია, საჯარო რეესტრი ეკითხება თავად მესაკუთრეს და იმის მიხედვით იწერება. სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის შემდეგ მკაფიოდ გაიმიჯნოს კატეგორიები", - ამბობს "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილე.