შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, თუ სამედიცინო პერსონალი მათთვის განკუთვნილ მინიმალურ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, კლინიკების მიმართ მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, თუ კლინიკას დასაქმებულთა მიმართ ასანაზღაურებელი ექნება X თანხა, დაწესებულებას სამჯერ მეტი დაუკავდება და არ ჩაერიცხება ჯანდაცვის სამინისტროდან მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი თითოეული საათობრივი ანაზღაურების სრულად გაცემა.
მისივე თქმით, თუ აქამდე მინიმალურ ანაზღაურება ექთანსა და ექიმზე ვრცელდებოდა, 2024 წლიდან სამიზნე ჯგუფი გაფართოვდება და ის მოიცავს უმცროს ექიმს, ექთნის დამხმარეს, ბებია ქალს და სხვა.
ამასთან, განმარტა, რომ ახალი რეფორმა 6 ათასამდე სამედიცინო პერსონალს შეეხება.
"როგორც ცნობილია, 2023 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების პირველი ეტაპი, როდესაც ექიმისთვის და ექთნისთვის მინიმალური ანაზღაურება დაწესდა. აღნიშნულ პერიოდში ჩვენ 350-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება შევამოწმეთ.
შემდეგ კი ამ რეფორმის წარმატებულობამ მოგვცა შესაძლებლობა, 2024 წლიდან უფრო გავაფართოოთ პროგრამა, გავრცელდეს სხვა სამედიცინო პერსონალზე, ეს არის უმცროსი ექიმი, ექთნის დამხმარე, ბებია ქალი და სხვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად მოვიცავთ სტაციონარში მყოფ სამედიცინო პერსონალს.
ექიმისა და ექთნის რეფორმა შეეხო 15 ათასამდე დასაქმებულ პერსონალს, ველოდებით, რომ ახალი რეფორმა 6 ათასამდე სამედიცინო პერსონალს მოიცავს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათი სახელფასო ანაზღაურება გაუმჯობესდება.
რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, ჩვენ შრომის კოდექსით მონიჭებული გვაქვს როგორც გაფრთხილება, ისე დაჯარიმება. ამასთან, თუ ვნახავთ დარღვევის ფაქტებს, პირობითად თუ კლინიკას დასაქმებულთა მიმართ ასანაზღაურებელი აქვს X თანხა, დაწესებულებას სამჯერ მეტი დაუკავდება და არ ჩაერიცხება ჯანდაცვის სამინისტროდან მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი თითოეული საათობრივი ანაზღაურების სრულად მიცემა.
ჩვენ ვახორციელეთ როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ შემოწმებას. ნებისმიერ დასაქმებულს შეუძლია მოგვამართოს, მათ შორის კონფიდენციალურად. მყისიერი რეაგირება გვექნება. სანქციების საკმაოდ მკაცრია, სამმაგი ოდენობის დაკავება შესაძლოა, სოლიდური თანხა იყოს. ეს ყველაფერი რეფორმის წარმატებას განაპირობებს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი დაწესებულება დაემორჩილება დადგენილ წესებს, ეს ორიენტირებული იქნება სამედიცინო პერსონალის შრომით კეთილდღეობასა და ხარისხიან ჯანდაცვაზე“,-აღნიშნა ფერაძემ.