სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახეების გაფართოების მიზნით, "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მომზადდა.
კანონპროექტი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.
მომხსენებლის განცხადებით, დღეს მოქმედი კოდექსი აღკვეთი ღონისძიებების ხუთ სახეს ითვალისწინებს, საიდანაც ყველაზე ხშირად ორი - პატიმრობა და გირაო გამოიყენება.
ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახეებს ახალი ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა დაემატება.
მისივე განმარტებით, ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დღე-ღამის განმავლობაში (24 საათიანი შეზღუდვა) ან დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში.
აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით მოხდება.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა აღნიშნა, ელექტრონული მეთვალყურეობის გამოყენებით, ახალი ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა პატიმართა რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი